logo
ENG



დღეს მოსკოვში უკრაინის ტერიტორიების "რუსეთთან შეერთებას" კონცერტით აღნიშნავენ

30 სექ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, წმ. გიორგის დარბაზში, ვლადიმერ პუტინი უკრაინული მიწების ანექსიას ხელს მოაწერს. ცერემონიაზე მიწვეულები არიან მთავრობის წევრები, პარლამენტარები და რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები. დღეს ასევე დაგეგმილია კონცერტი წითელ მოედანზე, მასზე დასასწრებად კი ხალხს ფულს უხდიან. კრემლის კედლებთან უკვე აწყობენ სცენას და გამოაკრეს აბრებიც.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინული ტერიტორიების მიერთების გაფორმებამდე ორი მათგანის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულებებს მოაწერა ხელი. რაც შეეხება დონეცკსა და ლუჰანსკს, ორივე მან ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე, 22 თებერვალს აღიარა. პუტინი დღესაც კონფლიქტებსა და მათ პროვოცირებაში დასავლეთს ადანაშაულებს.

"საკუთარი მიზნებისთვის ჩვენი გეოპოლიტიკური ოპონენტები, როგორც მათ დღეს ვუწოდებთ, მზად არიან ნებისმიერი ქვეყანა ცეცხლის ხაზზე დააყენონ, კრიზისის ეპიცენტრად აქციონ და მოახდინონ ფერადი რევოლუციების პროვოცირება და სისხლის აბანოების მოწყობა. ჩვენ ეს ყველაფერი არაერთხელ ვნახეთ. ისიც ვიცით, რომ დასავლეთი მუშაობს, დსთ-ს სივრცეში ახალი კონფლიქტები გამოიწვიოს," - განაცხადა პუტინმა.

ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელები, რომლებიც აცხადებენ, რომ უბნებზე ხალხი მუქარით მიიყვანეს, თავად კი არსად წასვლას არ აპირებენ.


close დახურვა